საქართველომ რუსეთს ნათელი და მკაცრი პასუხი უნდა გასცეს - ექსპერტი
ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში რუსეთს ბრალდებებს დაშინების და გაშავების მცდელობად აფასებენ. საუბარია "ეფესბეს" განცხადებაზე, რომელმაც საქართველო ყირმის ხიდის აფეთქების ტერაქტში თანამონაწილედ გამოაცხადა.
ექსპერტი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნულ ბრალდებებს ნათელი და მკაცრი პასუხი უნდა გასცეს.
საქართველოს აქვს არჩეული ერთგვარი სტრატეგიული ბუნდოვანების ლოგიკა. რუსეთი, უბრალოდ, ნებისმიერი მეთოდით იყენებს მისი მეზობლების გაშავებისა და დაშინების პოლიტიკას და რაც უფრო მეტად იქნება დადანაშაულებული საქართველოს ან მსგავსი სახელმწიფოები რუსეთის კრემლის ოფიციალურ ლოგიკაში და მცდელობაში როგორც ტერორისტული სახელმწიფოები, მითუფრო მეტი უსაფრთხოების დილემის წინაშე დადგება საქართველო. აქედან გამომდინარე, საქართველომ ნათელი პასუხი უნდა განაცხადოს და უნდა იყოს ძალიან მკაცრი და კრიტიკულად უნდა იყოს მითითებული, რომ ყველაფერი, რასაც რუსეთი აცხადებს ტერორიზმთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთ კვალთან მიდიოდეს და ეს კვალი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ კრემლი, - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი კობერიძე
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.