რუსეთის პროვოკაციამ არაჯანსაღი აჟიოტაჟი არ უნდა გამოიწვიოს - ცაგარეიშვილი

12.10.22 13:15
რუსეთის პროვოკაციამ არაჯანსაღი აჟიოტაჟი არ უნდა გამოიწვიოს - ცაგარეიშვილი

რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველო ყირმის ხიდის აფეთქების ტერაქტში მონაწილეობდა, "ქართულ ოცნებას" ბულგარეთისგან განსხვავებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ამის მიუხედავად, კომენტარები "პირველებთან" მმართველი პარტიის ცალკეულ დეპუტატებმა გააკეთეს.

გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგდოებამ არაჯანსაღი აჟიოტაჟისგან თავი შეიკავოს. 

ამ პროვოკაციამ არ უნდა გამოიწვიოს, მე ვფიქრობ, საქართველოში არაჯანმრთელი აჟიოტაჟი და აფორიაქება და ჩვენ მშვიდად უნდა მივუდგეთ ამგვარ განცხადებებს. განცხადებები შესაბამისი იქნება, თქვენ ნუ ინერვიულებთ, იყავით მშვიდად. ამას, ყველაფერს, სჭირდება შესაბამისი გააზრება. ბულგარეთი - ბულგარეთია, რომელსაც NATO და ევროკავშირი იცავს და ამ ქოლგის ქვეშ ცხოვრობს და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აქედან 20 კილომეტრში ვესაზღვრებით ოკუპირებულ მიწებს. ამიტომ, ყველაფერი არის ასაწონ-დასაწონი, - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.

"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით,  ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.

 

მსგავსი სიახლეები