არ უნდა ჩავაგდოთ ღირსად, რომ კომენტარი გავაკეთოთ - იონათამიშვილი რუსეთის ბრალდებებზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "ეფესბეს" ბრალდებების საპასუხო განცხადების გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავს. დეპუტატი ფიქრობს, რომ მოსკოვის ყველა განცხადებაზე რეაგირება საჭირო არ არის.
როდესაც გამოდის რაღაც ბრალებით ოკუპანტი ქვეყანა და მითუმეტეს ამ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახური, ამაზე ყოველ ჯერზე რაღაც განცხადების კეთება და გამოხმაურება არც მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილი და რელევანტურ იყოს. არის რაღაც საკითხები, რაზეც ჩვენ არც უნდა ჩავაგდოთ ღირსად, რომ გვქონდეს კომენტარები და აჟიოტაჟი მოვაყოლოთ ამ ყველაფერს. იმაზე მძიმე ბრალდება რაღა უნდა მიიღო, როდესაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, - ამბობს იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.