"დასწრებაზე ხომ არ არის?" - "ოცნება" პუტინის ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ ჩქარობს
დასწრებაზე ხომ არ არის? - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა კითხვას, რატომ არ უპასუხა ხელისუფლებამ ბულგარეთისგან განსხვავებით რუსეთის ბრალდებებს. დეპუტატი კითხვის საპასუხოდ თავს ისევ ოპოზიციას ესხმის და იმეორებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ.
დასწრებაზე ხომ არ არის? აქ მთავარია სახელმწიფოს პოზიცია და შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებაც. მცდელობა აქვთ გარკვეულ ჯგუფებს, როგორც აქ, საქართველოში, მავნებლებს, ისევე საზღვარგარეთ, რომ საქართველო იყოს ჩართული ამ ომში, - თქვა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.