გია ხარჩილავა მიმართ იყო გაფრთხილება, მუქარა - ანი წითლიძე
"თუ უახლოეს პერიოდში არ იქნება ეს საქმე გამოძიებული, ჩავთვლით, რომ ხელისუფლებაც და შსს-ც ამ ფაქტის მონაწილეა' - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ავტომობილის აფეთქებამდე წალენჯიხის მერს აფრთხილებდნენ, რომ "ქართული ოცნების" მხილება შეეწყვიტა.
გია ხარჩილავასთან დაკავშირებით იყო არაერთი შემთხვევა, რომელზეც ჩვენ მანამდე საჯაროდ არ ვსაუბრობდით, გაფრთხილების, მუქარის, რომ თუ არ გაჩერდებოდა, არ შეწყვეტდა რეფორმებს, რომელიც დაწყებული აქვს წალენჯიხაში, არ შეწყვეტდა მხილებას კორუფციული გარიგებების და სქემების, რაც იყო წალენჯიხაში "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, მას ექნებოდა პრობლემები"- განაცხადა დეპუტატმა.
წალენჯიხაში ქალაქის მერის ავტომობილი სავარაუდოდ ააფეთქეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დამწვარი მანქანის ნაწილები კი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.