საქმე აღძრულია ძალიან მსუბუქი მუხლით - გია ხარჩილავას მოადგილე
წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია, გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს. მაღალჩინოსანი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც გომელაურის უწყებამ საქმის ძიება დაიწყო, ძალიან მსუბუქია.
ბელქანია დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, საქმეს მონიტორინგი გაუწიონ.
საქმე აღძრულია ძალიან მსუბუქი მუხლით - სხვისი ნივთის დაზიანება. (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). ჩვენ მიგვაჩნია, რომ დროული და ობიექტური გამოძიება, საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება უახლოეს დროში უნდა მოხდეს.
მივმართავთ საელჩოებსა და დიმლომატიურ კორპუსს, რომ გარკვეული მონიტორინგი გაუწიონ ამ საქმეს. თუ მუნიციპალიტეტში პირველი პირი არ არის დაცული, იქ დაცულობის განცდა ვერ ექნება ვერცერთ მოქალაქეს - განაცხადა თამარ ბელქანიამ.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.