"მანქანა გამართული იყო, ჩემი ვარაუდით, ეს არის ადამიანის მიერ, შეგნებულად გაჩენილი ხანძარი" - ხარჩილავა
წალენჯიხის მერის გამოკითხვა დასრულებულია - გიორგი ხარჩილავა გამომძიებლების კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.
მისი თქმით, გამომძიებლების კითხვა შეეხებოდა, რამდენად იყო ავტომობილი ტექნიკურად გამართული.
შეკითხვების ძირითადი ნაწილი ხანძრის წინა ნაწილს, მანქანის გამართულობას ვუპასუხე, რომ მანქანა გამართული იყო 100%-ით. ვუთხარი, რა დროს მოვედი და როგორ გავიგე ხანძრის შესახებ. ასევე მთავარ შეკითხვაზე, წინა პერიოდებში იყო თუ არა მუქარები ან რაიმე უჩვეულო ხომ არ შემინიშნავს, ვუთხარი, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ ჩემი დასკვნებიც წარმოვუდგინე - ნავთობპროდუქტის ნამწვის ზოლი მაძლევს სრულ უფლებას, რომ ვივარაუდო ეს არის ადამიანის მიერ, შეგნებულად გაჩენილი ხანძარი.
მაღალჩინოსანის კუთვნილი მანქანა გია ხარჩილავას სახლის წინ, სავარაუდოდ, გვიან ღამით დაწვეს.
წალენჯიხის მერის კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.