პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, დამნაშავე ვარო - ფურცხვანიძის ადვოკატი
"პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო" - შესაბამისი განცხადება კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ, გააკეთა.
უფლებადამცველი ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ელოდება.
"თქვენ თვლით თავს დამნაშავედ რამეში?"- მიმართა ადვოკატმა ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რას ნიშნავს ფარცხვანიძის ფრაზა.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი.
ორივე მათგანი გამოკითხვაზე თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დაიბარეს, როცა ახლაგდახსნილ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.
დაკითხვაზე შესვლამდე ფურცხვანიძემ პასუხისმგებლობა აიღო - "მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.