ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან ,,საქართველოსთვის" გაირიცხა

14.10.22 19:27
ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან  ,,საქართველოსთვის" გაირიცხა

პარტიის „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი მათი რიგებიდან   გაირიცხა. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.

სიჭინავას ინფორმაციით, ,,ქართული ოცნება" სისტემატურად ახორციელებდა ზეწოლასა ნინო ჩიკვაიძეზე, აშანტაჟებდა მის მფლობელობაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ითხოვდა, დაეტოვებინა პარტია, თუმცა საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენილიყო, ასევე, გადაწყვეტილებები მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიეღო.

იმის მიუხედავად, ქვეყანაში რა ტრაგედიაც არის დატრიალებული, ,,ქართული ოცნება" სამწუხაროდ, იცლის იმისთვის, რომ უღირსად გაგრძელოს ბრძოლა ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კიდევ ერთხელ გვსურს, სამძიმარი გამოვუცხადოთ მარიტას ოჯახსა და მეგობრებს, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით გვიწევს ბრიფინგის გამართვა, თუმცა ,,ოცნების" უღირსობამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. 

პარტიის გადაწყვეტილებით ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნინო ჩიკვაშვილი, გარიცხულია პარტიიდან. 

ნინო ჩიკვაშვილს, რომელიც იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი ჩვენი პარტიის სიით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად აშანტაჟებდნენ მის მფლობელობაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებითა და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმებით. 

ნინო ჩიკვაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა სუსის, შემოსავლების სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან.

ხელისუფლების პირობა იყო შემდეგი: ის უნდა წასულიყო პარტიიდან, ოღონდ უნდა დარჩენილიყო საკრებულოში ფსევდოდამოუკიდებელ დეპუტატად. სანაცვლოდ ,,ოცნება" ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებასა და სხვა ბონუსებს სთავაზობდა.

ნინო ჩიკვაშვილს არაერთხელ შევთავაზეთ, გამოსულიყო და ,,ოცნების" მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საჯაროდ ესაუბრა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩიკვაშვილმა ვერ გაუძლო ოცნების, სუს-ის და შემოსავლების სამსახურის წნეხს და სრულად დაჰყვა მათ მოთხოვნებში.

 ის ხალხი, ვინც ,,ოცნებას" მიჰყიდის სულს, მათგან აიღებს ფულს და იცხოვრებს იმ იმედით, რომ სახელმწიფოს განვითარების დიდ იდეას ანაცვალოს საკუთარი მერკანტინული ინტერესი,  ჩვენს გვერდით ვერ იქნება.

საზოგადოება იმაზეც უკვე თანხმდება, რომ დღევანდელმა ,,ოცნებამ"სრულად შეითავსა მართვის ის მახინჯი მეთოდები, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ბოლო წლებში ახასიათებდა - მათი ეს მსგავსება არამხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში, არამედ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება.

ჩვენი გუნდი პოლიტიკაში ამ სიბინძურის დასამარცხებლად იბრძვის და დავამარცხებთ კიდეც. ,,ოცნების" სურვილის მიუხედავად ეს  მაინც მოხდება. ამას გავაკეთებთ ჩვენ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები