საქართველო დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს არ უნდა უწყობდეს, ეს მის ინტერესებში არ შედის - ბონი ჯენკინსი
გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო მას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის - ასეთ კომენტარს აკეთებს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ბონი ჯენკინსი, საქართველოში არსებულ ანტიდასავლურ კამპანიაზე. ჯენკინსი თვლის, რომ ამერიკი ელჩზე, კელი დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმა რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უმაღლესი რანგის დიპლომატმა თბილისში თავისი პირველი ვიზიტი შეაფასა და რუსეთიდან მოსახლების მასობრივად საქართველოში გადასვლაზეც გააკეთა კომენტარი.
საქართველოში ყოფნისას ბევრ ოფიციალურ პირს ვესაუბრე. ისინი ხედავენ გამოწვევებს, რომელიც შეშფოთებას იწვევს. მაგალითად, ცხოვრების ფასის მომატება და სხვა მრავალი.
რაც შეეხება უსაფრთხოების რისკებს, რა თქმა უნდა, იქნება საფრთხე, რადგან ქვეყანაში მოულოდნელად მეტი ხალხი გყავს.
ძალიან ბევრი დეფინფორმაციაა. როგორც ვიცი, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს, სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც აშშ-სა და სხვა ქვეყნის მთავრობები აწვდიან უკრაინას, ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ აგრესორი არის უკრაინა.
დეზინფორმაციის ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ, თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ელჩი აკეთებს.
ასე რომ ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჯღერებაც მინდოდა, ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს. მის გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის! - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.