ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის თემა რომ არ გაჩენილიყო, მას მხარს დავუჭერდით - "ოცნება"
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის თემა რომ არ გაჩენილიყო, მას საქართველოს დელეგაციის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნებოდა.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები იმის თაობაზე საუბრობენ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მთავარი დანიშნულება რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული განცხადების გაკეთება და კონკრეტული ღონისძიების მიღება იყო, ასეთ დროს ეჭვს იწვევს მცდელობები, რომელიც ამ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის თემის შეტანას გულისხმობს.
ეს თემა რომ არ გაჩენილიყო, რეზოლუციას საქართველოს მხრიდან ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერა ექნებოდა. სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო“, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს. ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რატომაც ოცნებამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეის არსებობის 75 წლის განმავლობაში, პირველად ჩაიწერა დოკუმენტში ფრაზა - ,,ტერორისტული რეჟიმი''. საპარლამენტო ასამბლეამაც პირველად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ