სააკაშვილი, თურმე, პუტინის პირადი პატიმარი ყოფილა - ზარქუა PACE-ის რეზოლუციას სამარცხვინოს უწოდებს
„ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა PACE-ის რეზოლუციას სამარცხვინოს უწოდებს.
ზარქუა, განსაკუთრებით გააღიზიანა ისტორიული რეზოლუციის მეოთხე შესწორებამ, სადაც მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირად პატიმრადაა მოხსენიებული.
„იმდენად უსუსურები იყვნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ისე მათი სატელიტები უკრაინის რადაში და მათ შორის ევროსაბჭოს წარმომადგენელი, ვინც ჰყავთ, ის ფასიანი ლობისტები, რომ 55 ხმით მოხდა, ამ სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა. წარმოიდგინეთ, 600 კაციან დარბაზში, მხოლოდ 55 ადამიანი გამოიძებნა, მათ შორის ხატია დეკანოიძე და მისი შანტრაბა. რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, მაგრამ ჩვენ ვერ გავიზიარებდით იმ სიცურეს, რაც მეოთხე პუნქტში იყო. თურმე სააკაშვილი, რომელიც კონკრეტული ბრალდებულია და მისჯილი აქვს, თურმე პუტინის პატიმარია ყოფილა“. - ამბობს ზარქუა.
საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს და რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რატომაც "ოცნებამ" რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეის არსებობის 75 წლის განმავლობაში, პირველად ჩაიწერა დოკუმენტში ფრაზა - ,,ტერორისტული რეჟიმი''. საპარლამენტო ასამბლეამაც პირველად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.