"ოცნებას“ არ აწყობს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რადგან თავად არის კორუმპირებული სისტემის ცენტრი - სამადაშვილი
ოპოზიცია მოითხოვს, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ იმუშაოს იმისთვის, რათა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგანეტო არსებობდეს.
„ლელოს“ ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ, დღეს რომ აღნიშნული სააგენტო ფუნქციონირებდეს, პასუხი იქნებოდა გაცემული იმ მთავარ კითხვაზე, თუ რატომ გადაუხადა მერიამ მილიონობით ლარი ისეთ კომპანიას, რომელიც შავ სიაში იყო შესული და რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია აწარმოა, სადაც მომხდარ ტრაგედიას 13 წლის გოგონას სიცოცხლეს ემსხვერპლა.
სამადაშვილის თქმით, თავად „ოცნებას“ არ აწყობს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რადგან ოპოზიციონერის თქმით, მმართველი გუნდი თავად არის კორუმპირებული სისტემის ცენტრი.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ, გავიდა რამდენიმე დღე, ჩვენ ვხედავთ რომ გამოძიება წინ არ მიდის და სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ანტიკორუფციულის ეს შესაბამისი ორგანო. არ არის შემთხვევითი, რომ ერთი წლის განმავლობაში გაჩერებულია ეს კანონპროექტი პარლამენტში, იმიტომ რომ, „ქართული ოცნება“, რომელიც თვითონ არის ცენტრი ამ კორუმპირებული სისტემის, მათ ინტერესში ეს არ შედის. თუმცა, მსურს შევახსენო საზოგადოებას, რომ ევროკავშირის ცალსახა მოთხოვნაა, მათ შორის აღნიშნული ბიუროს შექმნა". - ამბობს სამადაშვილი.