ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე - დავითულიანი ოპოზიციას
უმძიმესი ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ წინა ხელისფლებას "ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა უაპელაციოდ დააბრალეს".
შესაბამისი განცხადება პარლამენტში ბექა დავითულიანმა გააკეთა, როთაც ენმ-ს წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებას უპასუხა.
„იმაშიც ვეთანხმები ბოტკოველს, კი ბატონო, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის თქვენთვის დაბრალება ასე უაპელაციოდ, „ქართული ოცნების“ წევრმა დაგაბრალათ თუ ვინც დაგაბრალათ, გეთანხმებით, ვინც ეს პირველი თქვა, თქვა დიდი სისულელე. ამ სიტუაციაში და მსგავსი ტრაგედიებით მანიპულირება არ შეიძლება. სისულელე თქვა, რადგან გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა. უბედურება იცით რა არის? - ისეთები გქონდათ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო. დღეს თქვენ აქეთ საერთოდ უსაფუძვლოდ იშვერთ ხელს და არავის სჯერა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, ამის გამკეთებელი, ხელის დამფარებელი, არავინ არ არის"- განაცხადა დეპუტატმა.
ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ უნდა იქცეს.
თქვენ წინსწრებით და უაპელაციოდ გინდათ, რომ ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროთ, თქვენ კი ამბობთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობაო, მაგრამ ეს ხომ მორალური პასუხისმგებლობაა. თქვენთვის არ ვიცი, ეს რატომაა ასე მარტივი, ასე როგორ ლაპარაკობთ. რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ბავშვის გარდაცვალებაში ვინმეს თუ რაიმე წვლილი მიუძღვის, საერთოდ რა მოსატანი კატეგორიაა პოლიტიკა და თანამდებობა"- მიმართა უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას.