ომბუდსმენად ჩემი არჩევის შემთხვევაში ვიბრძოლებ „კანონიერ ქურდების“ უფლებებისთვის - იაგო ხვიჩია

18.10.22 16:33
ომბუდსმენად ჩემი არჩევის შემთხვევაში ვიბრძოლებ „კანონიერ ქურდების“ უფლებებისთვის - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია, აცხადებს, რომ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ის „კანონიერი ქურდების“ უფლებებს დაიცავს. 

მეტიც, სახალხო დამცველობის კანდიდატი აცხადებს, რომ  „ქურდული სამყაროს შესახებ“ კანონმა ადამიანთა რწმენის თავისუფლება შეზღუდა.

ხვიჩია იქვე ამბობს, რომ  პირადად არც ერთ „კანონიერ ქურდს“ არ იცნობს.

"არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ უსამართლობა დავაფიქსირო“, - თქვა დეპუტატმა. 

„ქურდული სამყაროს შესახებ“ კანონით ჩვენ, ფაქტობრივად, ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ, იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, იმის მიუხედავად შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი, ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე.

იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად, მოქალაქეობის ჩამორთმევას, ეს არის ქვეყნიდან გაძევება. ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს"- განაცხადა ხვიჩიამ. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები