ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირია დაკავებული

18.10.22 18:04
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირია დაკავებული. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი. 

დაკავებულთა შორისა , მერიის გარემოს საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და გრინ  სერვისის დირექტორი. ხელბორკილები დაადეს მშენექსპერტის დირექტორსაც.

გომალაურის უწყებაში აცხადებენ, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ.

2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.

ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს - ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის - ლ. ჭ.-სთვის.

ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბ. მ.-ს."- თქვა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. 

კახა მურადაშვილის თქმით,  2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

შსს-ს ცნობით, „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი"- აღნიშნა მურადაშვილმა. 

გამოძიების მტკიცებით, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“.

გომალაურის უწყების ინფორმაციით, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორმა - ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა - დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს - დ. კ.-ს.

კახა მურადაშვილის თქმით "ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა - დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან".

2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი"- თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები.

შსს-ს ცნობით, გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ირკვევა, რომ 2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ."- განაცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა. 

კახა მურადაშვილის თქმით, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.