"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - პარლამენტთან "ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ
"ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას ამ წუთებში პარლამენტთან აპროტესტებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები მივიდნენ.
შეკრებილების უკმაყოფილების მიზეზი ევროსაბჭოს ასამბლეაზე ,,ქართული ოცნების’’ პოზიცია გახდა. ქართულმა დელეგაციამ რუსეთის ტერორისტულ სახლმწიფოდ გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა, მიზეზად კი ივანიშვილის გუნდი დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს ასახელებს.
მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოსთან სამაჩაბლოს, აფხაზეთის, ბუჩას და 9 აპრილის გამოსახულების ბანერებით მივიდა. სწორედ აღნიშნული ბანერებით შეეცადნენ პროტესტის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისთვის შეეხსენებინათ, რომ რუსეთი ნამდვილად ტერორისტული სახელმწიფოა და ბევრი სამხედრო დანაშაული აქვს ჩადენილი.
ადგილზე ასევე, იმ ადამიანების პლაკატებია მიტანილი, რომლებიც დასავლეთში "ქართული ოცნების" დელეგაციით ჩავიდნენ და ევროსაბჭოს ისტორიულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
მთავარი გზავნილი არის ის, რომ შეიქმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი თავისი ტერორისტული ქმედებების გამო და არა მხოლოდ უკრაინაში, არმედ საქართველოში და ჩვენ გვაქვს ამის ამსახველი კონკრეტული ბანერები მოტანილი თუ რა ტერორიზმი ჩაიდინეს ჩვენს ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე, გასამართლდეს და დაიწყოს სამართლებრივი პოლიტიკური პროცესი არა მხოლოდ რუსეთის გასამართლების, არამედ საქართველოს დეოკუპაციის. ამ დროს საქართველოს მოღალატე დელეგაცია, ფაქტობრივად, არ უჭერს მხარს იმას, რასაც ჩვენი წინაპრები და მათ შორის, ჩვენც ვითხოვდით ათწლეულების მანძილზე, - ამბობს „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.
"ანტიკორუფციულ მოძრაობას" ადგილზე მიხეილ სააკაშვილის პლაკატიც აქვთ მიტანილი. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ტერორისტული სახელმწიფოს მიერ არის დევნილი.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ დევნილი პოლიტიკოსი. ის დღეს არის პოლიტიკური პატიმარი, ეს წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერავინ გაექცევა, მათ შორის, ვერც „ქართული ოცნება“, რომელიც არის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილის ხელში. რუსი ოლიგარქი, ბიძნა ივანიშვილი ყველა პოლიტიკოსს, რომელიც დღეს საქართველოშია, იყენებს როგორც ინსტრუმენტს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართელო ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში იყოს რუსეთის მხარეს, - ამბობს ლაშა ფარულავა.
პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებმაც ისტორიულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ქვეყნის მოღალატეებს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ მანდატები უნდა დატოვონ.