ვაკის ტრაგედიის შემდეგ, დღეს მერიის დღის წესრიგი კონცერტებია
ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა ჩაინიშნა. როგორც საკრებულოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ "პირველებს" უთხრა, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგის პირველი და მეორე საკითხი კონცერტებია.
თბილისის მერიასთან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან, ისინი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.
დეპუტატებს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრა და კითხვების დასმა სურთ. კანონით, კალაძეს უფლება არ აქვს საკრებულოს წევრები მთავრობის სხდომას არ დაუშვას.
ამ ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მართლა გვეგონა, რომ ამ ქალაქში ძველებურად ვერაფერი ვერ იქნებოდა, რომ ვიღაცა მეტ პასუხისმგებლობას აიღებდა, ვიღაცა დაფიქრდებოდა, ვითღაცა გადადგებოდა, ვიღაცა დაისჯებოდა.
მაგრამ, ხალხნო, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე 12 საკითხია, მათგან პირველი და მეორე საკითხი კონცერტებია. პირველი არის ფოლკლორული კონცერტის ორგანიზება, ხოლო მეორე თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტის დაფინანსება.
დანარჩენი 10 საკითხი შეეხება არა ტექნიკურ უსაფრთხოებას, რომ ქალაქში ტრაგედია აღარ გვქონდეს, არამედ იმას, ვის რა ქონება გადასცენ.
წარმოგიდგენიათ ხომ, სად ვართ? კითხვები ძალიან ბევრია არა მარტო გამოძიებასთან დაკავშირებით, არამედ საუბარია იმაზე, რომ ,,გრინსერვისი" ქალაქში ათობით სამუშაოს ახორცილებს და რამდენად დაცული არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, რომ ხვალ რაიმე უბედურება არ მოხდეს.
იმედია, კალაძე ამ კითხვებს არ გაექცევა, შეგვიშვებს მთავრობის სხდომაზე და ჩვენს მწვავე კითხვებზე პასუხს გასცემს.
კალაძე გადადგება, დარჩება, ვინ იქნება მის შემდეგ- ეს არავის აინტერესებს. ხალხს აინტერესებს, ბავშვს რომ გაუშვებენ სკვერში, უბედურება არ დატრიალდეს. - განაცხადა ,,ენმ" წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ.