თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გადადგა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გიგაშვილი თბილისის მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკის საქმეზე გიგაშვილის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი დააკავეს, მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის შემდეგ, პოლიციამ გიგაშვილიც გამოჰკითხა. მერიის მაღალჩინოსანი მაშინ ირწმუენბოდა, რომ შადრევანი ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული იყო.