აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გვქონდა, შევსულიყავით მერიის შენობაში - ნინო კვიტაიშვილი
ჩაიშლებოდა თუ არ ჩაიშლებოდა დედაქალაქის მთავრობის სხდომა, ჩვენ აბსოლუტური ლეგიტიმური უფლება გვქონდა იქ ვყოფილიყავით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს წევრი ნინო კვიტაიშივილი აცხადებს.
ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ თბილისის მთავრობის სხდომაზე ოპოზიციის არშეშვების მიზეზი ის დღის წესრიგი გახდა, რომელიც მერიას ოპონენტებმა გაუსაჯაროვეს. საუბარია კონცერტებზე, რომელიც მერიას სიაში პრიორიტად ჰქონდა განსაზღვრული.
სჯობს, რომ მერიამ პრევენციულ ღონისძიებებს ცოტა სხვა მიმართულებით მიხედოს, რაც ეხება ქალაქში უსაფრთხოებას, უსაფრთხოების ნორმებს და მის განხორციელებულ პროექტებს და არა პრევენციული ზომები გაატაროს საკრებულოს წევრების მიმართ, რომლებსაც აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გვქონდა, შევსულიყავით მერიის შენობაში, დავსწრებოდით სხდომას. ჩაიშლებოდა ის თუ არ ჩაიშლებოდა, ჩვენ აბსოლუტური ლეგიტიმური უფლება გვქონდა იქ ვყოფილიყავით და მხოლოდ იმის შემდგომ, რაც ჩვენ გავაჟღერეთ ის დღის წესრიგი, რაც მათ ჰქონდათ ოფიციალურად ვებგვერდზე განთავსებული, ამის შემდგომ კეთდება ეს განცხადება და ძალიან ნათელია, საზოგადოების აღშფოთება რას მოჰყვა და საზოგადოების აღშფოთებაზე მათი რეაქცია იყო ისეთი, როგორი განცხადებაც გააკეთა ხმალაძემ, - თქვა კვიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს - პოლიცია კახა კალაძესა და თბილისის მთავრობის წარმომადგენლებს საათნახევრის განმავლობაში დედაქალაქის საკრებულოს 8 ოპოზიციონერი დეპუტატისგან იცავდა.
კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არათუ სხდომაზე, ოპოზიცია მოქალაქეთა მისაღებშიც კი არ შეუშვა, რისი უფლებაც, კანონის მიხედვით, მას არ ჰქონდა.