პატიმრობის მოთხოვნა ნაჩქარევია - ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატი

20.10.22 11:27
პატიმრობის მოთხოვნა ნაჩქარევია -  ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატი

პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელიც ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული გიორგი ვახტანგაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ადვოკატი ეხმიანება.  

კახა წერეთელი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავება ნაჩქარევი იყო. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, "გამოძიება მიიჩნევს, რომ ვახტანგაშვილს ვალდებულება ჰქონდა, სამშენებლო კომპანიისგან  ექსპერტიზის დასკვნა მოეთხოვა": 

გუშინ პროკურატურის ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ 9-ვე პირის მიმართ მოთხოვნილი იქნება დაპატიმრება. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და რატომ? - თვითონ პროკურატურიდან და ბრიფინგიდანაც ჩანს, რომ ჯერ არ არის მიღებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უნდა გაარკვიოს შესაბამისობა სამშენებლო სამუშაოების და პროექტის. ალბათ, სწორი იქნებოდა დალოდებოდა ბრალდება ამ დასკვნას და შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება" - თქვა წერეთელმა. 

 ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული გიორგი ვახტანგაშვილის ბრალის დადგენილებაში, რომელიც "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, წერია, რომ თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნი დაუდევრად და გულგრილად მოეპყრო სამუშაოს, ამან კი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ თბილისის მერიამ შადრევანინ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ჩაიბარა, თუმცა სექტემბერში გიორგი ვახტანგაშვილმა კომპანია "გრინსერვის +"- ის მენეჯერს "ზეპირსიტყვიერად" სთხოვა, მილების ფერი შეცვლილიყო.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ  დაკავებულს ზეპირად გაცემული ბრძანების შესრულებაზე ექსპერტიზა  უნდა მოეთხოვა, რაც კანონში არსად წერია და არც მისი მოვალეობა იყო. 

 

მსგავსი სიახლეები