თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის გამო დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელთა სკამზე ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები სხედან. დღეს გაირკვევა, ვინ დარჩება პატიმრობაში.
ადვოკატებს უკვე გადაეცათ საქმის მასალები და ამ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ უფლებადამცველები კიდევ უფრო დარწმუნებით აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულო არიან.
ადვოკატების ნაწილი დღეს გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს, ნაწილი კი გირაოს შეთავაზებასაც არ გეგმავს, რადგან თვლის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია. არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამის დამტკიცებას უშუალოდ სასამართლოზე აპირებს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.
სამწუხაროა, როცა ასეთი მძიმე და ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ბრალდებულებს სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნიათ.
საქმეში გვაქვს საკმარისად მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ მათი გულგრილობით მოხდა ეს დანაშაული.
რაც შეეხება სიყალბეს, გუშინდელ ბრიფინგზეც საკმაოდ თვალნათლივ წარვადგინეთ ორივე დასკვნა. ჩვენ ბრალდებულებს ყალბი დასკვნის წარდგენასაც ვედავებით.
ცხრავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ - განაცხადა პროკურორმა.