პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები გაიმართება
ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის კანცელარიაში სახალხო დამცველობის ყველა იმ კანდიდატის სახელი ჩააბარეს ოფიციალურად, რომელსაც მხარს უჭერენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს მხარი დაუჭირა ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც". ახლა ყველა საკომიტეტო მოსმენების მოლოდინშია, სადაც თითოეული კანდიდატებს გაესაუბრებიან და კითხვებს დაუსვამენ. ,,ქართული ოცნება" უკვე ღიად ადასტურებს, რომ ომბუდსმენის ოფისის დათმობას არ აპირებს,
ერთხელ დავთმეთ, ახლა არ დავთმობთ - ეს განცხადება სახელისუფლებო პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2017 წელს შეგნებულად დაუთმო ომბუდსმენის ინსტიტუტი ,,ნაცმოძრაობას", ამ დათმობაზე კი მომავალში არ წავა.
კობახიძის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ,,ქართული ოცნება" აპირებს, ომბუდსმენად ისეთი პირი გაიყვანოს, ვინც მხოლოდ მის პოლიტიკურ დავალებებს შეასრულებს - მიიჩნევენ ოპოზიციურ პარტიებში.
ირაკლი კობახიძეს დღეს ,,ნაციონალურ მოძრაობაში" უპასუხეს.
განცხადება, თითქოს სახალხო დამცველი მისცეს ,,ნაციონალურ მოძრაობას", არის დემაგოგია და ტყუილი, რადგან ნინო ლომჯარია იყო დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.
ის ფაქტი, რომ ლომჯარია ხელისუფლების კონტროლსა და ზეწოლას არ იზიარებდა, ,,ოცნებამ" აღიქვა, რომ ლომჯარია რომელიმე პარტიის პოზიციებს იზიარებდა - განაცხადა ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
ნინო ლომჯარია მიმართ პრეტენზიები ხელისუფლებას იმ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა, რომ ომბუდსმენი მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს იცავდა და არაფერს აკეთებდა მმართველი გუნდისთვის.