სილის გაწნა ევროპული პერსპექტივისთვის - ელენე ხოშტარია მურუსიძე-გვრიტიშვილზე
"სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწნით ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში" - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სოსტემაში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნება "გზავნილია მოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანას, ოცნების პირობებში, არ აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა".
,,გუშინდელი გადაწყვეტილება მურუსიძესთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი გზავნილი ქართული ოცნების მხრიდან. გზავნილი პირველ რიგში მოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენ ქვეყანას ქართული ოცნების პირობებში არა აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა. როდესაც ჩვენ გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში“ - ამბობს ელენე ხოშტარია.
ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად დაამტკიცეს. ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე წუთი წინ დასრულდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა მოსამართლეთა კონფერენციას მიმართეს და საბჭო დატოვეს.