რატომ დაუმალა ღარიბაშვილმა ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი? - პრემიერი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლის

25.10.22 13:38
რატომ დაუმალა ღარიბაშვილმა ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი? - პრემიერი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლის

რატომ დაუმალა ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი? - პრემიერი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლის, "ოცნება" კი თავის მართლებაშია და პრეზიდენტს თავს ესხმის. 

"საკითხების წრე არ არსებობს, რომელზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს, საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული - თავშეკავება მართებს პრეზიდენტს ასეთ შემთხვევაში"- თქვა ჯერ კიდევ გუშინ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“. 

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის, მტკიცებით კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით დაიგეგმა.

„არ მაქვს ინფორმაცია, ვინ იყო ინფორმირებული ვიზიტზე და ვინ - არა. ბუნებრივია, ვიზიტი შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით დაიგეგმა"- თქვა ხუციშვილმა. 

მინისტრმა არ უპასუხა "ტვ პირველის" შეკითხვას, იყო თუ არა კონსტიტუციის დარღვევა და რამდენად მართებულია, როცა პრემიერი პრეზიდენტს მნიშვნელოვან ვიზიტებს უმალავს. 

შეკითხვა საერთოდ უპასუხოდ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ალუდა ღუდუშაურის თქმით, საგარეო პოლიტიკის წარმართველი მთავრობაა და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. 

ღუდუშაურის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლი არ დაურღვევია და ეს ასე რომ მომხდარიყო, ამას პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაში მიუთითებდა. 

"ასეთი ჩანაწერი ბუნებაში არ არსებობს და არაფერი დარღვეულა, ამიტომ წუხილები უადგილოა"- აცხადებს დეპუტატი. 

მსგავსი სიახლეები