იმედი გვაქვს, პოზიციებს დავაახლოვებთ - ოპოზიცია ამნისტიის კანონზე

26.04.21 11:40
იმედი გვაქვს, პოზიციებს დავაახლოვებთ - ოპოზიცია ამნისტიის კანონზე

ამნისტიის პროექტის ინიცირება პარლამენტში - პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის აზრი ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ მმართველი გუნდი ამნისტიის ისეთ კანონპროექტს შეიმუშავებს, რომლითაც  20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელ პირებს შეიწყალებს.   

„ქართული ოცნება“ არ მოერიდება არც დასავლურ პარტნიორებს, არც შეთანხმებას, არც არავის, როგორც მრავალჯერ გადაუგდია მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, და მიიღებს იმ კანონს, რომელიც სამწუხაროდ, მაღალი ალბათობით იქნება ჯალათების შემწყალებელი, მათ შორის, ივანიშვილის, გახარიას და ჩუბინიძის. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს, - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ პოზიციების დაახლოების იმედი აქვს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს. 

დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება პოზიციების დაახლოება და იქნება ერთი კანონპროექტი, რომ რამე უხერხულება არ იქნეს გამოწვეული. თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება, ამაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ამბობს მანჯგალაძე.

]„ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე, ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ყველა პრინციპული და სამართლებრივ საკითხი იქნება გათვალისწინებული. 

ჩვენ გვქონდა შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან, სადაც გავაცანით ყველა პრინციპული  და სამართლებრივი  საკითხი, რომელიც აუცილებელი მიგვაჩნია ამ კანონპროექტში ასახვისთვის და იმედი მაქვს, რომ ის დოკუმენტი, რომელიც იქნება ინიცირებული, გაითვალისწინებს ყველა აი, იმ წუხილს და აქცენტს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იქნა დასმული, - ამბობს ბუაძე.

ამნისტიის კანონპროექტის ინიცირების წინააღმდეგ გამოდიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. 
 

მსგავსი სიახლეები