სააკაშვილის პროცესები ფორსირებულ რეჟიმში ინიშნება - რა ეჭვი აქვს ოჯახს?

25.10.22 15:40
სააკაშვილის პროცესები ფორსირებულ რეჟიმში ინიშნება - რა ეჭვი აქვს ოჯახს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე პროცესები ფორსირებულ რეჟიმში ინიშნება. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 12:00 საათზე დანიშნა. 

მიხეილ სააკშვილის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ სასამართლო ჩქარობს, რადგან შესაძლოა, სტრასბურგის გამამართლებელი განაჩენები დაეწიოს. საუბარია ქართული სასამართლოს მიერ მიღებულ ორ განაჩენს, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი დამნაშავედ არის გამოცხადებული. 

იურისტები ამბობენ, რომ ევროპულმა სასამართლომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოაცხადოს გადაწყვეტილება და იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგი იტყვის, რომ სააკაშვილი უკანონოდ არის პატიმრობაში, მაშინ ხელისუფლებას მოუწევს სააკაშვილი ციხიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

 "მე რამდენადაც მესმის და ლოგიკურია, რომ შესაძლოა,  (სასამართლოების ჩანიშვნა) სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელს უკავშირდებოდეს. ეჭვი შეიძლება ყველაფერზე იყოს, მაგრამ რამდენად გაეწევა ამას ანგარიში?! ვხედავ, რომ ევროსაბჭოს, ევროკავშირის მოთხოვნები სრულიად იგნორირებულია"- თქვა გიული ალასნიამ. 

მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, ადვოკატი ბექა ბასილაიაც. უფლებადამცველის თქმით, მესამე პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობას ადასტურებს ის წერილები, რომელიც კლინიკიდან სასამართლოში მოდის. 

"წერილში დაფიქსირებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ფიზიკური უნარი, რომ სასამართლო განხილვებში მიიღოს მონაწილეობა. ამის მიუხედავად საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საქმეზე, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მოსამართლე ჯიუტად, მოკლე დროებში ნიშნავს სასამართლო განხილვებს, რაც არის ძალიან არასწორი და არანაირად არ შეესაბამება არც მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებს და არ შეესაბამება არც ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესებს"- აღნიშნა ბასილაიამ. 

მსგავსი სიახლეები