ყოჩაღ, ბატონო ალუდა, კიდევ ერთ ტენდერს მოგაგებინებენ, გამარტივებულ შესყიდვას მოგცემენ - ანი წითლიძე ღუდუშაურს
,,ოცნების" დეპუტატები ომბუდსმენობის კანდიდატებს პარტიის მიერ დაგზავნილ შეკითხვებს უსვამენ- ამ შინაარსის სტატუსი, რომელიც ,,ენმ-ს წევრმა, ანი წითლიძემ, გამოაქვეყნა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს შორის მორიგი დაპირისპირების საბაბი გახდა. მდგომარეობა ანი წითლიძესა და ალუდა ღუდუშაურს შორის ისე დაიძაბა, რომ საქმეში მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო.
როცა არგუმენტები არ აქვთ-ხოლმე, მერე გადმოდიან შეურაცხყოფაზე. ყველა ვიცნობთ ბატონ ალუდას, რომ მაგის გარეშე არ შეუძლია-ხოლმე.
ყოჩაღ, ბატონო ალუდა, კიდევ ერთ ტენდერს მოგაგებინებენ, გამარტივებულ შესყიდვას მოგცემენ.
ილია ჭავჭავაძეს დღეს რომ თქვენთვის მოესმინა, მტერებს არ მოწევდათ მისი მოკვლა, რადგან გული გაუსკდებოდა. იმის გამოც, თქვენ რომ გიხილავდათ საქართველოს პარლამენტში.
დღეს რეალურად თქვენი თავი გამოაჩინეთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაში- იმაში, რომ არანაირი 12 პუნქტის შემსრულებელი თქვენ არა ხართ და არანაირ დამოუკიდებელ და ობიექტურ სახალხო დამცველს მხარს არ დაუჭერთ. საგნობრივ მსჯელობაში კი არ შედიხართ მათთან, სირცხვილი ის არის, რომ სქრინებსა და კომენტარებს უფრიალებთ კანდიდატებს. - განაცხადა ანი წითლიძემ.