პოლიტიკური კორუფცია ქვეყანაში - შეიქმნება თუ არა ანტიკორუფციული სააგენტო?
შეიქმნება თუ არა ქვეყნაში ანტიკორუფციული სააგენტო? - ეს საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
"ქართული ოცნება " პარლამენტში დღეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს წარადგენს. უცნობია, რა წერია დოკუმენტში და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლისთვის.
ოპოზიციაში კი ელიტურ კორუფციაზე საუბრობენ და ამის მაგალითად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ტენდერებში უპირობოდ გამარჯვებებს ასახელებენ.
,,ლელომ ჯერ კიდევ 25 იანვარს დააინიცირა პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შემუშავებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონსულტაციის გზით და სწორედ ითვალისწინებს დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, თუმცა სამწუხაროდ, ამ კანონპროექტის განხილვა ეხლაც კი არ არის დაწყებული პარლამეტში“ - განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშივლმა.
"სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, კორუფციის აღმოფხვრა ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა:
,,სახეზეა კორუფცია, სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, სწორედ ამიტომ პარტნიორები გვთხოვენ რომ იყოს ისეთი საგამოძიებო ორგანო, რომელიც არ იქნება სახელისუფლო ვერტიკალის გავლენის ქვეშ და დამოუკიდებლად გამოიძიებს მიუკერძოებლად ამ საქმეებს. რა თქმა უნდა ქართული ოცნება ეწინააღმდეგბა, მათ გონიათ რომ ფორმალურად რაღაცას შეცვლის და ამით მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. პირდაპირ უთხრეს ჩვენს წარმომადგნელებს. კანონმდებლობაში ცვლიბებსაც კი არ ვენდობით იმიტომ რომ პრაქტიკა არის ხშირი, როცა იღებენ კანონს და შემდგომ უცვლიან შეთანხმებულ პირობას“ - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
გიორგი გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" არავითარი პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ პოლიტიკურ კორუფციას ებრძოლს:
,,პოლიტიკური კორუფცია ყალიბდება ამ ქვეყანაში და შესაბამისად ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ნეპოტიზმი და კორუფცია ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში იძლევა იმ მძიმე შედეგებს, რომელიც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ. ოცნებას არც დღეს და არც მომავალში, რასაც ჩვენ ვხედავთ, არავითარი პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ პოლიტიკურ კორუფციას ებრძოლს“ - აღნიშნავს მიხეილ დაუშვილი.
მმართველი პარტია კი ოპონენტებს "ტექსტების სწორად წაკითხვას ურჩევს". დავით სერგეენკოს თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციებში არ წერია რომ საქართველოს მთავრობა ელიტურ კორუფციაში არის ჩართული:
,,სწორად უნდა წაკითხვა ტექსტებს. ევროკავშირის რეკომენდაციებში არ წერია რომ საქართველოს მთავრობა ელიტურ კორუფციაში არის ჩართული, არამედ მითითებული არის იმის საჭიროება რომ შეიქმნას ერთიანი ინტეგრირებლი ანტიკორუფციული სამსახური“ - დასძინა დავით სერგეენკომ.