მიზანმიმართულად დაამთხვიეს ამ უბედურებას, ამ ტრაგედიას რომელიც თავს დაგვატყდა - კალაძე აუზის სკანდალზე
აუზის რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართულად გაავრცელა სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეცდომაში შეეყვანა - ამის შესახებ დედაქლაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც სპორტულ ცენტრ "იმედში" მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
მერის მტკიცებით, ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბავშვებით სავსე საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს, "ტყუილი და მორიგი სიცრუეა".
მეტიც, კალაძე ამბობს, რომ ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით.
ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად დაამთხვიეს ამ უბედურებას, ამ ტრაგედიას რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო თითოეული ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის და სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს. არ ვიცი ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე დიდი სამარცხვინო რა უნდა იყოს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აუზში წყლის ქიმიური დამუშავებისთვის ესპანური წარმოების ქლორი „დიაზა“ გამოიყენება, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები აქვს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.