მწვრთნელი, რომელიც ამბობს, რომ აუზში ცუდად გახდა, არის ალერგიული ადამიანი - მერიის წარმომადგენელი
სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ამტკიცებს, რომ მწვრთნელი, რომელიც ამბობს, რომ მერიის აუზში ცუდად გახდა "ალერგიული ადამიანია".
"მოვიკვლიეთ, რამდენად ნამდვილად ინფორმაცია იყო სწორი, არცერთ კლინიკაში მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ, არც სასწრაფოში ზარი არ ფიქსირდება. გვინდოდა დაგვედგინა ნამდვილად დიაგნოზი და წყლის მდგომარეობა ერთმანეთთან კავშირში იყო, თუ არა. ასეთი რამ არ დასტურდება.
რაც შეეხება თავად ტრენერს, რომელიც იძახის, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, თავად ეს ადამიანი გახლავთ ინდივიდუალურად ალერგიული ადამიანი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ ასეთი", - ამბობს გვილავა.
ბავშვის მშობლების და მწვრთნელის განცხადებით, უხარისხო სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების გამო მოსწავლეები და თავადაც მოიწამლა.
მშობლები ასაჯაროებენ ვიდეო კადრებსაც, სადაც მათი თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენელი სავარაუდოდ, ქიმიურ ნივთიერებას აუზში იმ დროს ასხამს, როდესაც ის ბავშვებით არის სავსე.