კულტურის მინისტრს სამართლებრივი დავა კიდევ ერთმა მოქალაქემ მოუგო
კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს შრომითი დავა მოუგო. გაგა გოგაძის ინტერესებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა, ასევე, ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
სასამართლომ კულტურის სამინისტროს გოგაძისთვის კომპენსაციის სახით ხელფასის ოდენობის თანხისა და პლიუს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროს იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გოგაძის ქეისი უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სასამართლომ წულუკიანის უწყების მიერ გათავისუფლებული თანამშრომელი გაამართლა.