ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი მოხდება - ოპოზიციის თქმით, ოლიგარქი პლოხოტნიოკის ბედს მალე გაიზიარებს
პლოხოტნიოკის დასანქციერების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილიც აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. ამასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია, როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-შიც.
ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ევროკავშირი გააძლიერებს ბერკეტებს, რაც არის ბუნებრივია სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგანაც ივანიშვილი არის პლოხოტნიოკის ანალოგი, ის ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას, ჩაფლულია კორუფციაში და ატარებს რუსეთის ინტერესებს საქართველოში.
შესაბამისად, ოპოზიცია პირდაპირ ეუბნება ბიძინა ივანშვილს, რომ თუ ის არ შეწყვეტს ქვეყნის არაფორმალურად მართვას, შემდეგი სწორედ ის იქნება.
„ენმ“-ს ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ინდივიდუალური სანქციები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც, პირველი - ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. მეორე - ხელს უშლის რეგიონის უსაფრთხოება და მესამე და მნიშვნელოვანი - გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩართულია რუსული გავლენების გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ინდივიდუალური სანქციები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქიისთვის“. - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პლოხოტნიოკის ბედს სულ მალე გაიზიარებს ბიძინა ივანიშვილიც, ოღონდ ის, ჯერ ქვეყნის საზოგადოებამ უნდა დაამარცხოს ქვეყნის შიგნით.
პლოხოტნიოკი ჯერ ქვეყნის შიგნით დამარცხდა დემოკრატიულ პროდასავლურ ძალებთა და შემდეგ ამას მოჰყვა კიდევაც დასავლეთიდან სანქციები და დღეს ის არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი მოხდება, ოღონდ ჯერ ჩვენ უნდა დავამარცხოთ, ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით“. - ამბობს ბოკერია.
მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმერ პლოხონტნიუკი და მისი გარემოცვის 19 წევრი შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ოლიგარქების სიაც გამოაქვეყნა.
ენტონი ბლინკენმა ასევე გააკეთა განმარტებები, თუ რის გამო დაუწესა დეპარტამენტმა სანქციები მოლდოველ ოლიგარქებს და ასევე მასთან დაკავშირებულ პირებს.
ბლინკენი ამბობს, რომ ეს ადამიანები ხელს უშლიდნენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, იყვნენ კორუფციაში ჩართულები და შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მათ სანქციები დაუწესეს მოლდოველ ოლიგარქებს, ისინი დგანან მოლდოვას გვერდით და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოლდოვის დემოკრატიული განვითარება გაძლიერდეს.