აუდიტის სამსახურმა აჭარის საგზაო დეპარტამენტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა
თაღლითობა, შეუსრულებელი სამუშაოები და აუთვისებელი ბიუჯეტი - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღმოაჩინა.
აუდიტის სკანდალურ დასკვნას ოპოზიცია ეხმიანება და ამბობს, რომ აჭარაში კორუფციიის მასშტაბები გაზრდილია.
ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ერთ ფაქტზე ამახვილებენ - ზაზა შავაძე, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ებარა, თორნიკეე რიჟვაძემ დააწინაურა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნა. ამ ფაქტს კი ისინი იმით ხსნიან, რომ შავაძე და რიჟვაძე ნათესავები არიან.
თორნიკე რივაძე რომ ფულის მოპარვითა და ნეპოტიზმით არის დაკავებული, ეს ახალი არ არის. აუდიტის დასკვნა სწორედ ეხება თაღლითური გზით მოპარულ თანხებსა და იმ ადამიანს, რომელიც შემდეგ მინისტრად დააწინაურა, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, რიჟვაძესთან ნათესავურ კავშირშია. ეს არის ზაზა შავაძე, რომელიც იყო საგზაო დეპარტამენტის უფროსი, დღეს კი რიჟვაძემ ის მინისტრად მოგვივლინა - ამბობს ,,ენმ-ს წევრი.
ზაზა შავაძე აცხადებს, რომ აუდიტის დასკვნაში საუბარია მხოლოდ 5 ათასი ლარის არასწორად გადარიცხვაზე. რაც შეეხება ოპოზიციის ინფორმაციას, რომ ის აჭარის მთავრობის მეთაურის ნათესავია, ის უარყოფს და ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძესთან მხოლოდ სამსახურეობრივი კავშირები აქვს.
თუ არ ვცდები, 5 ათას რაღაცა ლარზეა საუბარი, რომელიც არასწორად გადაირიცხა და შესაბამისი პირი პასუხისგებაშია მიცემული. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ აუდიტის დასკვნით 100 ათასი ლარის სამუშაოების განხორციელება საერთოდ არ დადგინდა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ, ვერ გეტყვით, რა 100 ათას ლარზეა საუბარი.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს მე რიჟვაძის ნათესავი ვარ, ეს მცდარი ინფორმაციაა, აჭარის მთავრობის მეთაურთან მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა მაკავშირებს. მის მოსვლამდეც მეკავა თანამდებობა საჯარო უწყებაში და ახლაც ვაგრძელებ. - განუცხადა ტვ პირველს ზაზა შავაძემ.