ჩუმად პრეზიდენტისგან და მალულად კამერებისგან - ვინ ელოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს "შატო მუხრანში" - გაუხმაურებელი ამბები
ჩუმად პრეზიდენტისგან და მალულად კამერებისგან - ვინ ელოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს "შატო მუხრანში" - წყარო დიპლომატიური წრეებიდან "შაბათს ეთერს" უყვება, რომ ილჰამ ალიევის ვიზიტის ამბავი საქართველოს ხელისუფლებას წინა დღით აცნობეს, შეხვედრა კი სასტუმრო კომპლექსში საგანგებოდ დაიგეგმა.
ქალაქ გარეთ, რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ სასტუმრო კომპლექსს რამდენიმე შესასვლელი და სტადიონი აქვს, რომელიც შესაძლოა, ვერტმფრენის დასაფრენად გამოიყენო, აქ ნებისმიერი ადამიანი შეხვედრის საიდუმლო მონაწილე ისე შევა, რომ ვერც ვერავინ გაიგებს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, "შატო მუხრანში" დასაქმებული ადამიანების მინიმალური რაოდენობა იყო. ალიევის ვიზიტის დროს, მათ შენობაში გადაადგილებაც კი შეზღუდული ჰქონდათ.
ვიდრე ილჰამ ალიევს აეროპორტიდან "შატო მუხრანში" წაიყვანდნენ, რამდენიმე რეზიდენცია ჩაიარეს. მათ შორის ცერემონიების სასახლე, ორბელიანების სასახლე, მთავრობის ადმინისტრაცია, "ბილტმორი" "რადისონი", "შერატონი", ადგილები სადაც როგორც წესი, მაღალი რანგის სტუმრებს ხვდებიან.
ეს შენობები ასეთ შეხვედრებისთვის იდეალურია, თუმცა აქვს ერთ მინუსი - იქ შესული ივანიშვილის ესკორტის დაფიქსირება მედიას მარტივად შეეძლო, ვიდრე ქალაქ გარეთ, "შატო მუხრანში".
ეს გარემოებები კი ასეთ შეხვედრებში მონაწილე ადამიანებს მრავალწლიანი სტაჟით უმყარებს ეჭვს, რომ "შატო მუხრანში" ღარიბაშვილთან ერთად ილჰამ ალიევს ბიძინა ივანიშვილიც ელოდა.
"შატო მუხრანის" ტერიტორიაზე მიწვეული ჟურნალისტები შენობასთან ახლოს არ არ მიუშვეს. "შატოს" თავისი დარბაზი აქვს, სადაც იმ დღეს პრემიერ ღარიბაშვილს და პრეზიდენტ ალიევს განცხადებების გაკეთება შეეძლოთ, თუმცა ქარიან ამინდში, ლიდერები "შატოს" ეზოში გამოიყვანეს და იქ შეახვედრეს ჟურნალისტებს, რომ შენობაში არც ერთი კამერა არ მოხვედრილიყო, კადრებში ჩანს, რომ ცივ, ქარიან ამინდში ქუჩაში დგომა, უხერხული მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არ ყოფილა.
კადრების გადაღების დროს, "ტვ პირველის" ახალი ამბების კამერა, პრეზიდენტების გვერდით მდგომ სულხან პაპაშვილს აფიქსირებს. ის ჯიხურს ეფარება. პაპაშვილი როგორც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი, უკრაინამ წინასწარი სანქციების სიაში შეიყვანა.
უკრაინული სანქციების გვერდზე პირდაპირ წერია, რომ პაპაშვილი რუსს ბიზნესმენებს მათ შორის ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
როცა სულხან პაპაშვილს "შაბათის ეთერმა" უთხრა, რომ აქვს კადრები, სადაც ჩანს ალიევისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციის დროს როგორ ეფარება ერთ-ერთ ჯიხურს, ბიზნესმენმა ვეღარ დამალა რომ "შატო მუხრანში" იყო.
სულხან პაპაშვილს "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, ბიზნესინტერესები აზერბაიჯანში აქვს. პაპაშვილი პრეზიდენტ ალიევის გარემოცვასთან დაახლოვებული პირია, ამიტომ მისი ვერსია, რომ "შატო მუხრანში", პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსის სანახავად მივიდა ნაკლებად სარწმუნოა.
სულხან პაპაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია, ის უჩა მამაცაშვილთან ერთად საერთო ბიზნესებს ფლობას, მათი კავშირი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, სადაც ჩანს, რომ როდესაც პაპაშვილს ბანკიდან ხუთი მილიონი დოლარის სესხის აღება უნდოდა, იპოთეკაში მიწა მამაცაშვილის ძმამ ჩაუდო.
"თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სულხან პაპაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ფლობენ საშუამავლო კომპანია "ელ გრინს" რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანული დენი შემოაქვს. ამაში მათ წილი რჩებათ, ათობით მილიონი დოლარი, არადა 2016 წლამდე საქართველო აზერბაიჯანისგან დენს პირდაპირ ყიდულობდა, რჩება განცდა, რომ პაპაშვილი მამაცაშვილის კომპანია შუამავლად ქართლი ოცნების ხელისუფლებამ იმის გამო გააჩინა, რომ მათ ანგარიშებზე მილიონები დალექილიყო.
ვცლად ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში: