კორუფცია მერიაში - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

29.10.22 21:13
კორუფცია მერიაში - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურა თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს იძიებს. "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, სასამართლოს განჩინება სადაც წერია, რომ გამოძიება კალაძის უწყების წინააღმდეგ ერთდროულად ორი მუხლით მიდის - თანამდებობის პირების მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების გაფლანგვა და უფლებამოსილების გადამეტება. 

დოკუმენტებს, რომელიც გამოძიების საგანია, ხელს კახა კალაძე აწერს. სწორედ თბილისის მერის ვიზირებით თბილისელების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონება, გადასცეს კერძო პირს, რომელმაც სავარაუდოდ თაღლითობა ჩაიდინა. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული სასამართლო განჩინებით დგინდება, რომ კალაძის გუნდის საქმიანობას პროკურორი მარი მეშველიანი იძიებს, სწორედ მან დააყადაღებინა სასამართლოს თბილისის მერის მიერ კერძო პირისათვის გადაცემული დიდი ოდენობით ქონება. 

მოქალაქე თემურ ცინარიძე ერთ-ერთია, ვინც თბილისის მერიის სავარაუდო კორუფციული გარიგებების საქმეზე, პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. ცინარიძე ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით მილიონერია, მას აქვს სამშენებლო ბიზნესი - კომპანია "მერლის დეველოპმენტი", კორპუსის ასაშენებელი მიწა თბილისის ელიტარულ უბანში ლისზე და უდიდესი ტერიტორია თბილისის სამრეწველო ზონაში, თუმცა "პირველების" კამერების წინ, ცინარიძე ამბობს, რომ მძღოლია, საშუალო ხელფასზე მუშაობს და მთელი ამ ქონების ფიქტიური მფლობელია. 

დოკუმენტების მიხედვით, მილიონერად თემურ ცინარიძე კახი კალაძის და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით იქცა.

თემურ ცინარიძე ვის სახელზეც დიდი ქონება გადაფორმდა ამბობს, რომ ყველაფერი ლევან ჭოლაძის საკუთრებაა, ის ჭოლაძის მძღოლია, განცხადებებსაც ჭოლაძე უწერდა და ყველა უწყებაში მძღოლის სახელით მოქმედებდა. ლევან ჭოლაძე ყოფილი პრემიერი-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გარემოცვის წევრია. ჩნდება კითხვა -  ბახტაძის სამეგობროს კორუფციული გარიგებებით ხომ არ მისცა კალაძემ ხალხის კუთვნილი ქონება?!

ყველაფერი 2022 წლის 31 მარტს დაიწყო.  მოქალაქე თემურ ცინარიძის სახელზე წყნეთში სატყეო უბანში 1470 კვადრატული მეტრი მიწა გადაფორმდა. მიწის ყიდვის მომენტში ის უკვე სატყეო ზონა იყო, ანუ მფლობელმა იცოდა, რომ ყიდულობდა ტერიტორიას, სადაც ვერასდროს ვერაფერს ვერ ააშენებდა. ამის მიუხედავად, მიწა მაინც შეიძინა, 4 თვეში კი მერიას წერილი გაუგზავნა, "ჩემს მიწას სატყეო ზონა ადევს, ვერაფერს ვაშენებ, დავზარალდი და სხვა მიწა მომეციო". 

თემურ ცინარიძე, ვინც ეს წერილი მერიაში შეიტანა, "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ არაფერ იცის, რადგან ლევან ჭოლაძე ვის მძღოლადაც უკვე 20 წელია მუშაობს, განცხადებებს  უწერდა და თბილისის მერიაში მისი სახელით შედიოდა. 

პრემიერი მამუკა ბახტაძის გარემოცვის წევრის, ლევან ჭოლიძის ფიქტიური პირის განაცხადის განხილვა კახი კალაძის გუნდმა ელვისებური სისწრაფით დაიწყო. კერძო შემფასებელმა დაწერა, რომ მიწა წყნეთის სატყეო ზონაში, მშენებლობის უფლების გარეშე თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი ღირდა, ამიტომ ცინარიძეს მერიამ ლისის უბანში, კორპუსის ასაშენებლად საკმარისი თითქმის,  2500 კვადრტულამდე ტერიტორია მისცა და  11 ათასი კვადრატული მეტრი მიწა "აკადემ ქალაქში" დაუმატა.  მერიის სწორედ ამ გადაწყვეტილებას სწავლობს, ახლა პროკურატურა. შარშია, თბილისის საკრებულოც,  რადგან კალაძის გუნდის მოთხოვნას ხმა საკრებულოს მისცა.

""შაბათს ეთერმა" დაადგინა, რომ მიწა წყნეთის სატყეო ზონაში, მოქალაქე თეიმურაზ ცინარიძემ, 2022 წლის 31 მარტს, 156 000 ლარად იყიდა, ამას ადასტურებს მოპოვებული დოკუმენტიც. ოთხ თვეში კი კერძო საექსპერტო ბიურომ ეს მიწის ნაკვეთი, დაახლოებთ მილიონ ნახევარ ლარად შეაფასა. კალაძის უწყებამაც, თეიმურაზ ცინარიძეს 156 ათას ლარიან მიწაში ათჯერ უფრო მეტის , მილიონ ნახევრის ქონება მისცა.

შაბათის ეთერის ინფორმაცით პროკურატურამ ახლა კერძო საექსპერტო ბიუროს დასკვნას სწავლობს. 

ვრცლად ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის სიუჟეტში

 

 

მსგავსი სიახლეები