"სამართალი ვიღაცისთვის ბრენდირებული ავტომანქანით მოძრაობს" - პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატებს უსმენენ

31.10.22 12:18
"სამართალი ვიღაცისთვის ბრენდირებული ავტომანქანით მოძრაობს" - პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტი ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენას აგანაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს 5 ადამიანს მოუსმენენ.  ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, ხოლო მეორე  ნუგზარ კოხრეიძეა, რომელსაც არასამთავროებოების მხარდაჭერა აქვს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ამ წუთებში ალექსანდრე კობაიძეს უსმენენ. "ქართული ოცნებამ" მას კითხვები ტრადიციულად პოლიტპატიმრების თემაზე და პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით დაუსვა. 

კობაიძემ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია მისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან არჩევნების გაყალბება თავად სოსო გოგაშვილმა დაადასტურა. გარდა ამისა, კანდიდატმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ხოლო ადეიშვილს ამად არ მიიჩნევს. 

მან ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და ადამიანებს საქართველოში სამართლის პოვნა უჭირთ. ამის დასტურად მან დამსწრეებს  მამის ფოტოც აჩვენა, სადაც ის სასტიკად ნაცემად გამოიყურებოდა. 

შერჩევითია, სამწუხაროდ, სამართალი. დღესდღეობით  ვიღაცისთვის ბრენდირებული ავტომანქანით მოძრაობს სამართალი, ვიღაცისთვის ურმით მოძრაობს. მე მინდა გაჩვენოთ... ეს არის მამაჩემი, სამი წლის უკან მამაჩემი მარჯანიშვილზე ამ მდგომარეობაში ჩააგდეს, სცემეს, 4 პირი დაესხა მას და დღემდე არ არის გამოძიებული, - თქვა კობაიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" კობაიძე წარსულში პოლიტიკური მოღვაწეობის  გამო გააკრიტიკა და უთხრა, რომ ის პოლიტიზირებულია. 

პარლამენტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კიდევ 4 კანდიდატს მოუსმენს. 

 

მსგავსი სიახლეები