გაუღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას ციხის კარს - ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ემზადება

02.11.22 13:17
გაუღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას ციხის კარს - ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ემზადება

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა - ახლა სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ადამიანია, ვისაც მედია მენეჯერისთვის ციხის კარის გაღება ერთი ხელმოწერით შეუძლია.

ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ზურაბიშვილს ქვეყანაში დეპოლარიზაციის დასრულება და სტატუსის მიღება რეალურად სურს, ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს. 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ათონელის რეზიდენციაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე სპეციალური დოკუმენტით მივა და სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს. 

წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტს ოპოზიციის სხვა ლიდერების ხელმოწერებიც ექნება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტი კრიზისის დაძლევაზე დაფიქრდება: 

მაინტერესებს ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც მთელ რიგ საკითხებში და ამ საკითხების შეფასებისას თანხვედრაში მოდის საზოგადოების დიდ ნაწილთან და აღიარებს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სერიოზული პრობლემაა. 

ბოლოს და ბოლოს,​ მიიღებს თუ არა იმ სწორ გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიზისის ოდნავ მაინც განმუხტვა შეუძლია, გამოიყენებს თუ არა კონსტიტუციურ ბერკეტს?! მე დავიტოვებ იმედს, რომ მინიმუმ დაფიქრდება ამ ყველაფერზე"- თქვა ნიკა მალიამ. 

ხატია დეკანოიძის განცხადებით, 12 პუნქტის შესასრულებლად, ყველას საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის ქვეყნის პირველ პირს: 

მე ნიკას პოზიცია ვიცი, იგი არ ცნობს შეწყალებას, მაგრამ გვარამის თავისუფლება არ არის მხოლოდ ნიკას საკითხი. ეს არის საქართველოს მომავლის საკითხი. მე მზად ვარ, (შევხვდე პრეზიდენტს) არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არამედ როგორც მოქალაქე, ადამიანი რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს.  იმ კონტექტსში, რაზეც ქალბატონი სალომე საუბრობს, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად, ყველას საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა შესრულდეს"- უთხრა "პირველებს"  დეკანოიძემ. 

სალომე სამადაშვილიც თვლის, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა უნდა მოითხოვოს. 

ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, უნდა მოვითხოვოთ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. მათ შორის, მიშელის შეთანხმების ხელმომწერმა პარტიებმა, იმიტომ რომ ქალბატონი ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი ამ პროცესში. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს იყო პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. მივმართავ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ყვცელა პოლიტიკურ პარტიას, მოვითხოვოთ შეხვედრა"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები