"ცოლ-ქმარი მოკლა, მათი შვილი კი დააბა" - კონდოლში მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

07.11.22 12:00
"ცოლ-ქმარი მოკლა, მათი შვილი კი დააბა" - კონდოლში მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი მოკლა, მათი შვილი კი  დააბა და მკვლელობით დაემუქრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული.

უწყების ცნობით, 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

საქმის მასალების თანახმად, , ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირისა, ჩადენილი ანგარებით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით), აგრეთვე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები