ჩემთვის ღირსების საქმეა, ლექსოს პირობა შევუსრულე - მირანდა ბაღათურია სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე
"ეს არის ჩემთვის და ჩემი 15 კოლეგისთვის ღირსების საქმე"- ასე აფასებს ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია 5 ივლისის ძალადობის საქმეზე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ სარჩელს.
მისი თქმით, მან "ტვ პირველის" გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, პირობა მისცა, რომ ძალადობის საქმე სტასბურგში წავიდოდა:
ეს არის ჩემთვის და ჩემი 15 კოლეგისთვის ღირსების საქმე. ამას ჩემთვის პრინციპული დატვირთვა აქვს, რადგანაც მე ჩემს მეგობარს, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე პირობა მივეცი, ლექსოს უდიდესი სურვილი იყო, რომ საქმე სტრასბურგში წასულიყო. სულ ვახსენებდი იმას, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ დასრულდებოდა იმით, რომ კონკრეტულად ჩემს საქმეზე 7 ადამიანი იქნებოდა დაკავებული.
საქმე ევროპულ სასამართლოში მიდის და ძალიან ამაყი ვარ, რადგან პირობა შევასრულე და ახლა დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს, უნდა დაისაჯონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ამ ძალადობას მწვანე შუქი აუნთეს" - განაცხადა "ტვ პირველთან" მირანდა ბაღათურიამ.
ხუთი ივლისის წახალისებული ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს რეპორტიორები სტრასბურგში უჩივიან.
,,საია" 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მედია წარმომადგენლების სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ევროსასამართლოში 16 ჟურნალისტის საქმე წავიდა.
"საიამ" სტრასბურგში გააგზავნა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები. ჩანაწერები, რითიც ხუთი ივლისის ძალადობაში სუს-ის მონაწილეობა დასტურდება.