თუ "ოცნებაში" შეშფოთებული არიან, ე.ი. სწორი გზით მივდივართ - პაატა მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციის ერთობით შეშინებულია.
ოპოზიციის წევრი, მმართველ პარტიას მოუწოდებს, "შეთქმულების თეორიებსა და შავ პიარს" მოეშვას.
თუ ძალიან შეშფოთებული არიან, ეს ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ. თუ რამე უკანონობა ხდება, ძალაუფლება მათ აქვთ, ხელისუფლებას და გამოიძიონ. შავ პიარს შეეშვან- ეს არის ჩემი პასუხი.
ასევე, მათ უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას - რატომ არ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და თუ ვერ მივიღებთ მას, როგორ აპირებს ,,ოცნება" პასუხისმგებლობის აღებას" - პაატა მანჯგალაძე.
მისივე თქმით, ხელისუფლება ბოლო 10 წელიწადია, ოპოზიცის ჩაძირვას ცდილობს. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, "მავნე კანონმდებლობის დამსახურებაა".
"ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალკვაძე ენმ-ს და ოპოზიციას წარუმატებლობას და დამარცხებას უწინასწრამეტყველებს. მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გემი იძირება, ხოლო დავით კეზერაშვილი მისგან ტივის შეკოწიწებას ცდილობს. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზოცია ერთად იბრძოლებს თუ ცალ-ცალკე, რადგან შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია.
ცნობისთვის, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და ,,დროას" ლიდერები "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.