საგანგაშოა, 5 ივლისის ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის - ნიკა სიმონიშვილი

07.11.22 13:21
საგანგაშოა, 5 ივლისის ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის - ნიკა სიმონიშვილი

5 ივლისის ძალადობრივი საქმე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ  2021 წლის 5 ივლისს მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რეზონანსულ საქმეზე, გამოძიება არაეფექტურია და ამ დრომდე დაუსჯელია ყველა ორგანიზატორი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა:

გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტურია, როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, რომლებიც არ არიან ყველანი დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს მოძიებული სათანადო და საჭირო მტკიცებულებები, ყველა მოძალადე არ ყოფილა დასჯილი ამ დრომდე და რაც ერთ ერთი ყველაზე საგანგაშოა ისაა, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაა მიცემული მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენისა. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს ამ ნაწილში.

მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეზე ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს დაადგენს, როგორიც არის ის, რომ მაგალითად, 5 ივლისამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, რომლებმაც შემდგომ ეს ძალადობა წაახალისა, უშუალოდ 5 ივლისს პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომელიც სწორედ "მწვანე შუქი" იყო იმ სიძულვილის ჯგუფებისათვის. შემდგომ ხელისუფლებისვე გადაწყვეტილებით, არ გამოიყვანეს ადეკვატური რაოდენობით სამართალდამცველები, ანუ არ მოხდა ჩვენი ეფექტიანად დაცვა" -  განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.