12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი დოკუმენტი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გაასაჯაროვა.
სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, როგორც ქვეყანა, სადაც შესაძლებელია პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობის მქონე საჯარო პირების დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივის მქონე ქვეყნისთვის.
ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საეჭვო ბრალდებები ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების შესახებ, რომლებიც მის წარსულ საქმიანობას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორობას, უკავშირდება. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას.
ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში."- წერია ევროპარლამენტარების წერილში.
ხელმომწერთა შორის არიან ანდრიას კუბილუსი, მირიამ ლექსმანი, რაფაელ გლუკსმანი, რასა იუკნევიჩი და სხვები.