კანონის დამრღვევი არ უნდა ამოეფაროს ჟურნალისტებს, ან პოლიტიკურ პარტიას - არჩილ თალაკვაძე გვარამიაზე
რა მიზანს ემსახურება ევროპარლამენტარების წერილი, რომელიც მათ საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნეს? - "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ევროინტეგრაცია ნიშნავს კანონის უზენაესობას.
ევროინტეგრაცია ნიშნავს კანონის უზენაესობას და ასევე იმას, რომ სახელმწიფოში დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავინ არ უნდა ამოეფაროს ჟურნალისტებს, ან პოლიტიკურ პარტიას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს არის ევროპის ფუნდამენტური პრინციპი.
მინდა, გაგახსენოთ ქალბატონი პრეზიდენტის კომენტარი, როცა შეწყალებაზე კითხვა დაუსვეს, მან განაცხადა, რომ არ აპირებს შეწყალებას - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
საფრანგეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტარებმა ღია წერილით მიმართეს. ევროპელი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ.
პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან, საქართველო სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხს ვერ აკმაყოფილებს - უხსნის 12 ევროპელი პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილს.