,,მმართველ პარტიას ორჯერ მეტი ნდობა რომ აქვს, ჩვენთვის ცნობილია"- ,,ქართული ოცნება" IRI-ს კვლევას ნაწილობრივ აღიარებს

08.11.22 13:33
,,მმართველ პარტიას ორჯერ მეტი ნდობა რომ აქვს, ჩვენთვის ცნობილია"- ,,ქართული ოცნება"  IRI-ს კვლევას ნაწილობრივ აღიარებს

IRI-ს მიერ გამოქვეყნებული  პოლიტიკური რეიტინგები ქვეყანაში განხილვის მთავარი საგანია. "ქართული ოცნება", რომელიც მოსახლეობის 75%-ს პროცენტს არ მოსწონს, თავის მართლების რეჟიმშია - ხელისუფლება გამოქვეყნებულ კვლევებს  თან ენდობა, თან  უნდობლობას უცხადებს. კერძოდ, აღიარებს პარტიულ რეიტინგის შესახებ კვლევას, თუმცა ვადამდელი არჩევნების შესახებ შედეგებს კი - არა.

ის, რომ მმართველ პარტიას ორჯერ მეტი აქვს ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოებაში, ვიდრე თუნდაც რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია.

შეიძლება, ვადამდელმა არჩევნებმა, თუკი ამის გარემოებები არ არსებობს, მოიტანოს სტაბილურობა? პირიქით. ამ ვითარებაში, ასეთი დაპირისპირების პირობებში ვადამდელ არჩევნებზე საუბარი სწორედ ის არის, რაც დესტაბილიზაციის მომხრეებს შესაძლოა, აწყობდეთ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოკითხული მოსახლეობის 52% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს - ამის შესახებ ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია საუბარი.

გამოკითხულთა 42% სრულად, ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხის არ აქვს.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს, ,,ქართული ოცნების" რეიტინგი 25%-ია, ,,ნაცმოძრაობის" კი 12%.