უნდა გაერთიანდეს თუ არა პროდასავლური ოპოზიცია - როგორ გაიგეს პოლიტიკურმა ლიდერებმა IRI-ს კვლევა

08.11.22 14:16
უნდა გაერთიანდეს თუ არა პროდასავლური ოპოზიცია - როგორ გაიგეს პოლიტიკურმა ლიდერებმა IRI-ს კვლევა

IRI-ს კვლევა ოპოზიციის ნაწილმა გაიგო, როგორც საზოგადოების დაკვეთა პროევროპული ძალების გაერთიანებისკენ, ხოლო ნაწილმა, დასტური იმისა, რომ ამომრჩევლებში თავიანთი მხარდაჭერა გააძლიერონ. 

,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, თვლის, რომ მის პარტიას, მიუხედავად ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოებრიობის მიტაცებისა, მზარდი რეიტინგი აქვს და "არჩევნებამდე ერთიან ოპოზიციურ სიაზე საუბარი უადგილოა": 

ეს არ არის წინასაარჩევნო კვლევა, ამიტომ ვფიქრობ, განვლილმა წლებმა დაადასტურა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" შედეგი არის მზარდი, მიუხედავად იმ პირობებისა, რომ სახელმწიფოებრიობა მიიტაცა ერთმა ძალიან მდიდარმა ადამიანმა. 

არჩევნებამდე ბევრად ადრე და მით უმეტეს, ერთიან საარჩევნო სიაში მოთავსება ყველა ოპოზიციური პარტიის, ამაზე საუბარი არის უადგილო - განაცხადა ნიკა მელიამ.

,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს, ხათუნა სამნიძეს, მიაჩნია, რომ გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია. მისი აზრით, ამ ეტაპზე პროდასავლურმა პარტიებმა უნდა გამოკვეთონ თავიანთი პროფილი და გაძლიერდნენ.

გავძლიერდეთ, როგორც პროევროპული პარტიები. გაძლიერების შემდეგ თუ დავინახავთ საერთოს კონკრეტულ მიუმართულებებში, იდეოლოგიაში, შესაძლებელია, ერთად დავდგეთ. თუმცა იმის გამო, რომ ყველანი ვართ პროდასავლურები, ვიქცეთ ერთ პარტიად, ეს არის ამომრჩევლის დაბნევა და ფასეულობების არევა. 

ჩვენ გვჭირდება პირიქით, პროფილის გამოკვეთა" - აცხადებს ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე. 

გახარიას პარტიაში კი აღნიშნავენ, რომ "ოპოზიციის გაერთიანება, შესაძლოა, არ ნიშნავდეს იმას, რომ არითმეტიკული ჯამი მაღალი დარჩება".

ბექა ლილუაშვილის განმარტებით, IRI-ს კვლევა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოებას ხელისუფლების ცვლილება სურს.

როცა ოპოზიციის ჯამური ბრეიტინგი აჭარბებს ხელისუფლებისას, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უნდათ უბრალოდ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.  ხოლო როგორ უნდა შეიცვალოს და რეალურად ეს არითმეტიკული ჯამი დარჩება თუ არა ისევ მაღალი, თუკი ოპოზიცია გაერთიანდება, ამას არ ნიშნავს , - ამბობს ბექა ლილუაშვილი

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, თვლის, რომ ოპოზიციის გაერთიანება საზოგადოების მოთხოვნაა.

75% უარყოფითად აფასებს მთავრობის კურსს, ეს ნიშნავს, რომ შემცირებულია ,,ოცნების" კურსი, რეიტინგი და კარგია, რომ ჯამში ოპოზიცია უგებს ,,ოცნებას" და მის სატელიტებს. 

შესაბამისად, IRI-ს კვლევა აჩვენებს ტენდენციას, რომ გამოსავალი იმაშია, შეიქმნას ახალი, ეროვნული ფრონტი - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" დაკვეთით ჩატარებული პოლიტიკური რეიტინგის კვლევის შედეგები კი ასეთია:

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს? შედეგები ასე გადანაწილდა: 

IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლოების ნახევარზე მეტს ვადამდელი არჩევნები სურს. გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, პროდასავლური ოპოზიცია უფრო მეტ ხმას აიღებდა, ვიდრე ხელისუფლება.