"ქართული ოცნება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს" - სამი პარტიის საერთო განცხადება

09.11.22 11:11
"ქართული ოცნება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს" - სამი პარტიის საერთო განცხადება

"ქართული ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს" -  "გირჩი მეტი თავისუფლების", "დროას" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას აფასებენ. 

მათი შეფასებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების ნებისმიერი წევრის კონსოლიდაციაა. 

კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ ,,ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკომისიის მიერ ზაფხულში დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებას. პირიქით, ამ 4 თვის განმავლობაში ,,ქართულმა ოცნებამ" გადადგა რიგი ნაბიჯები იმისა, რომელიც მოდის წინააღმდეგობაში 12 პუნქტის სულისკვეთებასთან.

შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს, ეს არის კონსოლიდაცია. ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საზოგადოების ნებისმიერ წევრს, რომლისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. კონსოლიდაცია და ამ ხელისუფლების გაშვება, რაც შეიძლება სწრაფად" - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას, განცხადებით, დოკუმენტში ქვეყნის უკუსვლასა და რეგრესზეა საუბარი: 

ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, ამ პროცესში, როცა ჩვენ ველოდებით ზოგადად შეფასებას ევროკავშირის მხრიდან, სადაც პრაქტიკულად ლაპარაკია არა თუ წინსვლაზე და პერსპექტივასთან მიახლოებაზე, არამედ უკუსვლაზე და რეგრესზე.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ არცერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე რთული რეფორმების გატარებასთან, კერძოდ, ეს არის მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე და სურვილზე რომ დავუახლოვდეთ ევროპას. მაგალითად, ნიკა გვარამიას გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასვლას დღეს უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება, სასამართლო რეფორმას უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება, პროპაგანდასთან წინააღმდეგობას, რაც ასევე აღნიშნულია, უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება, უკრაინის მხარდაჭერას და სანქციებს თავს რომ არ ვარიდებდეთ, უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება.  ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ აქვს, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ეს ხელისუფლება"- თქვა ხოშტარიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსახლეობის და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს: 

4 თვე გავიდა რეკომენდაციების გამოქვეყნებიდან და ამ რანგის, რეზოლუციაში პირდაპირაა ნახსენები სახელმწიფოს მიტაცება, რეგრესი სასამართლო რეფორმის მხრივ, სტაგნაცია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, ასევე გაუარესება მედიის და გამოხატვის თავისუფლების მხრივ. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობა და სხვა საკითხები, რაზეც ჩვენ წლების ვსაუბრობთ.

4 თვის განმავლობაში არათუ წინსვლა, არამედ რეგრესია ყველა მაჩვენებლით. აქიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ "ქართული ოცნება" კიდევ უფრო დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ არჩევანს და დაგვაკარგინებს ამ ისტორიულ შანსს.  შექმნილ ვითარებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან მაქსიმალურად სწრაფად ჩამოცილება "- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

 

მსგავსი სიახლეები