გაურკვეველი დიაგნოზების საკითხი დგას - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მედიკოსები მესამე პრეზიდენტის დიაგნოზებს ისევ ვერ ადგენენ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც "ვივა-მედის" მედიკოსების მსგავსი იქნება. ამასთან, ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სპეციალისტებს აღნიშნული პოზიციის გამო სასამართლოზე სერიოზული გამოცდა ელოდება.
ჯერ ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ტუბერკულოზის ქონა-არქონის საკითხს. სახსრის ტკივილთან დაკავშირებითაც რაიმე კონკრეტული დიაგნოზი არ დასმულა ანუ შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ გაურკვეველი დიაგნოზების საკითხი დგას ჯერჯერობით. დარწმუნებული ვარ, რასაც „ვივა-მედის“ ექიმები აცხადებენ, იგივეს დააკოპირებს ქოფი-ფეისთით, იტყვიან, რომ აქვს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი. ამ მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, თავშივე მინდა გავაფრთხილო, - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თუკი ტექნიკურად მოესწრება, სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს სწორედ "ვარდების რევოლუციის" თარიღზე მიმართოს.