პრემიერის შეცვლილი რიტორიკა - "ჩემი კარი ოპოზიციისთვის ღიაა"
პრემიერის შეცვლილი რიტორიკა - მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მისი კარი ღიაა.
პრემიერმა, რომელსაც მესამე სექტორთან და ოპოზიციასთან საკითხზე არცერთი შეხვედრა არ გაუმართავს, დღეს თქვა, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ოპოზიციასთან თანამშრომლობა აუცილებელია.
მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ამ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ. სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში. არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ესაა დეპოლარიზაცია. ჩვენ ნათლად ავხსენით, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება მათი მხრიდან ანალოფიური მზაობა.
ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს - ოპოზიციურ პარტიებს , არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც 12 რეკომენდაციის შესრულებით დაინტერესებულია"- თქვა პრემიერმა.
ამასთან, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება "ზედმიწევნით" მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე:
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ზედმიწევნით. საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების არჩევანი და ოცნება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი, ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე მოქმდი მთავრობის დამსახურებაა:
იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის მოვუტანეთ და არ იყო შემთხვევითი. ამას წინ ძალიან დიდი შრომა უძღოდა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია"- თქვა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების ლანძღვას არც ოლივერ ვარჰეისთან წინაშე მორიდებია:
2012 წლამდე დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობდით, სადაც არავითარი ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა. არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი. ასოცირების მოლაპარაკებები და უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო. ეს ყველაფერი გამოვასწორეთ და მოკლე დროში ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში"- დასძინა მან.