"ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას არ აპირებს

15.11.22 17:30
"ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას არ აპირებს

საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, ევროკომისარ ვარჰეის მოწოდებას არ გაითვალისწინებს და დეოლიგარქიზაციის კანონპორექტს, ვენეციის კომისიას შესაფასებლად არ გაუგზავნის.

„ოცნების“ ლიდერის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულის ანალოგია და თუკი უკრაინული კანონპროექტი გაივლის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დაიდება დასკვნა, მაშინ აღნიშნული კანონპროექტის გადაგზავნა საჭირო აღარ გახდება საქართველოს მხრიდან კომისიისთვის, რადგანაც მისი თქმით, უკრაინული კანონპროექტის დასკვნის გამოყენება სრულად შესაძლებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

საინტერესოა გავარკვიოთ და ამაზეც გვექნება კომუნიკაცია, უკრაინის მიერ გაგზავნილ კანონპროექტზე დეოლიგარქიზაციის შესახებ როდის ექნება დადებული დასკვნა ვენეციის კომიტეტს. თუ დასკვნა დაიდება, დასკვნის პირდაპირპროპორციული გამოყენება ჩვენთვის სრულად შესაძლებელია, ამიტომ აზრი დაეკარგება ასეთი ტიპის მიმართვას. გვექნება ჩვენ კომუნიკაცია ბატონი ვარჰეის ოფისთან, სხვა ევროპულ სტრუქტურებთან და ამის მიხედვით ჩამოვყალიბდებით“. - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იგივე მოსაზრება აქვს ოხანაშვილის თანაგუნდელსაც. გია ვოლსკის განცხადებით, თუკი უკრაინულმა კანონმა გაიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ქართული კანონი უკრაინულის ანალოგი არის, ე.ი. ქართულსაც გაუვლია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და კომისიისთვის მისი გადაგზავნის საჭიროებას ვერ ხედავს.

შეთავაზება შეთავაზებათ, მაგრამ აქ მემგონი, პოლიტიკასა და იურისდიქციასაც არ აქვს ადგილი, უბრალოდ ტრანზიტულობის კანონი არის. თუკი უკრაინულმა კანონმა გაიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ქართული კანონი უკრაინულის ანალოგი არის, ე.ი. ქართულსაც გაუვლია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია“. - ამბობს გია ვოლსკი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც საქართველომ უკრაინიდან გადმოიტანა, ვენეციის კომისიას გაუგზავნონ, რათა ვენეციის კომისიამ შეაფასოს, თუ რამდენად არის აღნიშნული კანონპროექტი პერსპექტიული და საქართველოს შესაფერისი. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მეორე მოსმენით დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები